Akacia's Blog

April 14, 2011

კამელია

Filed under: Uncategorized — AKACIA @ 6:59 pm

“კამელია დოლინა. მხიარული გოგო… იკითხავთ ორმოც და ორი წლის ასაკში რაღა დროს კამელიას მხიარული გოგოობაო, მაგრამ დამიჯერეთ ცდებით.
ცდებით მაშინაც, როცა არ იჯერებთ კამელიას ეშმაკურ გამოხედვასა და ფარულ ვნებას… და საერთოდ თუკი რაიმეს ფიქრობთ კამელია დოლინაზე დამიჯერეთ ცდებით” – ამ სიტყვებით დაიწყო თავის გამოსვლა გამომძიებელმა. იმ წამს სასამართლოზე ყველამ იფიქრა ეს “ეშმაკური გამოხედვა და ფარული ვნება” რაღა მოსატანი იყოო… თანაც კამელიას საქმესთან ამას არანაირი კავშირ არ ჰონდა… ან ეგებ ჰქონდა კიდეც? საქმე კი იმაში გახლდათ რომ ჩვენს ქალაქში და მით უმეტეს ჩვენთან, ჩურჩულის ქუჩაზე, ყველა ერთმანეთს იცნობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა, სანამ კამელია დოლინა ორი კვირით არ გაუჩინარდა.
კამელია ისეთივე შრომისმოყვარე და კეთილშობილი მოქალაქე იყო, როგორიც ყველა ჩვენთაგანი ვთვლიდით ჩვენს თავებს. სკოლაში სადაც კამელია ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას, ყველასთვის სამაგალითო თანამშრომელი გახლდათ. არც ერთი მასწავლებელი არ უყვარდათ სკოლაში ბავშვებს ისე როგორც კამელია. იტყვით ეგ იმიტომ, რომ ყველაზე ახალგაზრდა და მომხიბლავი რომ იყოო, თუმცა მერწმუნეთ ეგ არაფერ შუაში არაა, არც მისი თაფლისფერი თმები და არც ულურჯესი თვალები, თუმცა თვალის ფორმა სილურჯეზე უფრო ეფექტურად ხიბლავდა შემხვედრ მზერას. ზოგი ამბობდა ყველაფერი მისი ხასიათის და კანის ბრალიაო… არ ვიცი. მე კამელიასთან შეხვედრა თხუთმეტი წლის ასაკში მომიწია როდესაც მე და დედა ჩურჩულის ქუჩაზე გადმოვედით საცხოვრებლად. ეზოში ვთამაშობდი მახსოვს, მომიახლოვდა და ხელი გამომიშვირა ჩამოსართმევად.
- კამელია დოლინა. გვერდით სახლში ვცხოვრობ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩურჩულის ქუჩაზე. – მეც ხელი ჩამოვართვი და დამიჯერთ, კინაღამ გული წამივიდა. მისი ხელის გულიდან ისეთი ვნება და სიმხურვალე გამოდიოდა ვერ აგიღწერთ, თითები და მტევანი კი ყინულივით ცივი, რბილი და ოდნავ ცვრიანი. პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე. თუმცა კამელია ამას არც დალოდებია. გამიღიმა და გზა განაგრძო. ის დღე ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. თუმცა შეიძლება ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ თხუთმეტი წლისა ვიყავი და ნებისმიერ შეხებას ადამიანის სხეულთან არა ადეკვატურად აღვიქვამდი? ვინ იცის… თუმცა ფაქტია იმ დღიდან კამელიას სიახლოვისას გული არ ჩერდებოდა და სხეულიდან გარეთ გამოხტომას ცდილობდა, რომ ასფალტს გადარეული დახეთქებოდა… დაეხეთქებოდა კიდეც წამით სუნთქვა რომ არ გამეჩერებინა და შემდეგ კარგა გვარიანად ამომესუნთქა.
სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამელიას მიმართ არაგულგრილი მარტო მე არ ვიყავი. ჩვენი ქუჩის მცხოვრებთაგან კაცი არ იყო, თუნდაც ბარბარე მეინარდიც კი, რომელსაც  შესძლებოდა კამელიას გვერდით აუღელვებლად ჩავლა… ბარბარე კი მოგეხსენებათ ღვთისმსახურებაში სახელმოხვეჭილი მოქალაქე გახლდათ და მრუშობა სასტიკად ეკრძალებოდა… თუმცა კამელიას გვერდით ბარბარე მეინარდი ისეთივე მოკვდავი ხდებოდა როგორც უკანასკნელი ჩვენგანი.
ბევრი ჭორი გამეგო კამელია დოლინას შესახებ, მაგრამ განსაკუთრებული მაინც კაგმელიას და გამომძიებლის შვილის ოც და სამი წლის რეინოლდის ამბავი იყო პოპულარული. ამბობდნენ რეინოლდს ისე შეუყვარდა კამელია რომ თვითმკვლელობაც კი უცდია კამელიასგან მტკიცე უარის გამო. ჩვენს ქუჩაზე კამელიას არავინ ადანაშაულებდა. ამბობდნენ “სწორედ მოიქცა აბა პატარა ღლაპს რა ესმისო”. მართალია ამ ამბავს არც გამომძიებელი არც რეინოლდი და არც გამომძიებელი არ ადასტურებდნენ, მაგრამ ჭორი ხომ იცით… ერთხელ თუ მარცვალი ჩავარდა სარეველასავითაა, ვეღარ ამოძირკვავ.

ყველაფერი ჩვიდმეტი ნოემბრის დილით დაიწყო როდესაც ბუნებისმეტყველების გაკვეთილი კამელიას გარეშე დაიწყო… ჯერ სკოლის ადმინისტრაცია აქოთქოთდა, ხოლო მას შემდეგ რაც კამელია საგამოს მეზობლებმა სახლშიც ვერ აგმოაჩინეს ქოთქოთი ქუჩასაც გადაედო. თვიდან ჩუმათ, ჩურჩულით ზუზუნებდა ჩვენი ქუჩა, ხოლო მესამე დღეს, როდესაც კამელია ისევ არ გამოჩნდა აქა-იქ ვიღაცეები ხმამაღლადაც მოითხოვდნენ სახლი კარის შემტვრევას.
- ეგებ გული გაუჩერდა? -ჩვენს სახლში სტუმრობისას ჩუმათ წაიბურტყუნა ფრიდამ. დედას არაფერი უთქვამს, მხოლოდ წამით შეაჩერა მოძრაობა და შემდეგ ისევ განაგრძო მარტინის დასხმა.
- ნუ იძახი სისულელეებს. დაარიგე. – განმუხტა უხერხული სიჩუმე დორამ. ხმა არავის ამოუღია, ფრიდამ კი დაარიგა. მახსოვს მაშინ დედას ორი ტუზი მოუვიდა. მე გამეღიმა და სახლიდან გავედი.
გარეთ სამეზობლოს ბიჭები შევიკრიბეთ. თომა მენაბდეს გეგმა ჰქონდა რამით გვეთვალთვალა კამელიას სახლისთვის, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ იქ ვიღაც იყო. როგორც თვითონ თქვა “ჩემი თვალით ვნახე მეორე სართულზე მიღაცამ ფანჯრიდან გამოიხედა, როცა მეზობლები კარზე უკაკუნებდნენო”. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. კამელიას სახლის უკანა ეზოში დავბანაკდით. აქ არასოდეს ვყოფილვარ… ეზო საკმაოდ მოვლილი ჩანდა, თუმცა ეტყობოდა კარგა ხანს არავინ გამოსულა აქეთ. ეტყობა კამელიას ძალიანაც არ უყვარდა აქ ყოფნა რადგან, ეზოს საქანელა კარგა გვარიანად იყო დამტვერილი და ზედ შემოდგომის ფოთლები არხეინად ნებივრობდნენ. საათმა ისე განვლო ჩასაფრებულებს სიტყვა არ დაგვიძრავს, ყველა ხან ერთ ფანჯარას მივჩერებოდით, ხან მეორეს. ყველა რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო და ეს რაღაც დარწმუნებული ვარ კამელია დოლინა იყო. ყველას რაღაც გვაკავშირებდა მასთან… ეს რაღაც კი, ზოგ შემთხვევაში იყო ფიზიკური, ზოგჯერ და უფრო ხშირად კი ოცნებებში.
- არ მგონია სახლში ვინმე იყოს. – ჩაიბურტყუნა დანებების ტონით თომამ, ზურგზე გადაბრუნდა და ცას მიაშტერდა. კრინტი არავის დაგვიძრავს. მოვეშვით და სამალავიდან ოდნავ წამოვიმართეთ. მაშინღა დავფიქრდი იმაზე თუ რას მოვიმოქმედებდი ვინმე რომ მართლაც ყოფილიყო სახლში… ალბათ არაფერს. ჩუმად გავიგტრუნებოდი და ხმას არ ამოვიღებდი.
მეხუთე დღეს კარები შეამტვრიეს. ცნობისმოყვარე მეზობლების ასეული ჩოჩქოლობდა კამელიას ეზოში. ყველას კისრები წაეგრძელებინა სეირის მოლოდინში და გაფაციცებით ელოდებოდნენ მოვლენების დრამატულ განვითარებას. რაღა დაგიმალოთ და მეც მათ შორის გამოვერიე და ვცდილობდი სახლის კართან რაც შეიძლება ახლოს მოვმხდარიყავი. შინ არავინ იყო. უბნის ინსპექტორმა პირადად დაათვალიერა სახლის შიგნეულობა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს მეზობელ გამომძიებელზე, რომელიც ამბობდნენ ისეთი გაფაციცებით ჩხრეკდა სახლის ყველა კუნჭულს თუთქოს საუკუნის დამნაშავეს ეძებდაო. რას იზავ მისი პროფესია სისხლში აქვს უკვე გამჯდარი.
კვირა ისე გავიდა კამელიას შესახებ არავის სმენია. ბუნების მეტყველების მასწავლებლად დროებით დეიდა სელენა აიყვანეს. საკმაოდ მოხუცებული სელენა მასწავლებლობაზე მეტად იმის დასტური იყო რომ კამელიას მოლოდინი ისევ არსებობს და ეს ყველაფერი დროებითია.
მეათე დღეს  კამელია დოლინას გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და კამელია ძებნაში გამოაცხადეს. აი ამის შემდეგ კი ქუჩა სრულიად შეიშალა. უცბათ კამელიას სახელს დაუკავშირდა იმდენი მონაგონი რომ წარმოსახვის უნარის სერიოზულ გამოცდად იქცა. პირველი რამაც ჩვენი ქუჩა შეძრა ბარბარე მეინარდის სიკვდილი იყო, რომელმაც ლოცვის შემდეგ სახლში მიბრუნებულს ვენები გადაეხსნა და თბილი წყლისთვის შეეშვირა. საწყალს ალბათ გადაარჩენდნენ კიდეც, ბევრი სისხლის დაკარგვის გამო გული რომ არ წასვლოდა და აბაზანისთვის არ დაესხა ტვინი. ბარბარეს სიკვდილს კიდევ უბნის რამოდენიმე კაცი მიჰყვა. ზოგი მანქანას ჩაუვარდა ზოგი ყელით თოკს ჩამოეკიდა ერთი ორს კი უბრალოდ გული გაუსკდა. რა თქმა უნდა ყველა ეს სიკვდილი კამელია დოლინას მიაწერეს.
- წავიდა და წყევლა დაგვიტოვა – წაიბურტყუნა თავის სტილში ფრიდამ, ჩვენთან ბანქოს მორიგ სხდომაზე, თუმცა ამჯერად შეხსენება არ დაჭირვებია ისე ჩამოარიგა ორ-ორი ბანქოს ფურცელი.
- რეებს როშავ ამხელა ქალი არ გრცხვენია? – დატუქსა უცებ ფრიდა დორამ. იმ საღამოს დორას არ უმართლებდა და ცოტა ხასიათიც აერია, თორე ისე ძალიან მშვიდი და კეთილშობილი ქალბატონი გახლდათ. – დიდი ამბავი ქალი ცოტა ხნით დასასვენებლად წავიდა. – ფრიდამ დორას ეჭვიანად შეხედა. იმ ღამით დორა დაკითხვაზე დაიბარეს…
მეთხუთმეტე ღამით ჩვენს ქუჩაზე ქუსლების კაკუნი მგონი ყველამ გაიგო. ღამით კამელია დაბრუნდა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა ჩვენს ქუჩაზე… როგორც მოგვიანებით ამბობდნენ ამ ამბის გავრცელებას დაახლოებით ჩვიდმეტი წუთი დასჭირდა. ყველას სახლში აინთო შუქი, ყველა აფუსფუსდა, აწრიალდა. დედაჩემიც წამოდგა ხალათი შემოიხვია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება. მართალია ჩვენი ფანჯრებიდან კამელიას სახლი არ მოჩანდა, მაგრამ მაინც იყურებოდა, რისი დანახვა უნდოდა არ ვიცი. მე მეგობრებთან ერთად თომა მენაბდის სახლში ვიყავი. კამელიას გამოჩენამ ყველა ადგილზე გაგვყინა, ერთხანს დავაპირეთ გარეთ გასვლა, მაგრამ მაინც ვერ გავბედეთ. ჩურჩულის ქუჩაზე ისეთი სიჩუმე ჩამოწვა გეგონებოდათ ჰაერმაც კი სუნთქვა გააჩერა და რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში გაიტრუნაო.
სიჩუმე დაირღვა მხოლოდ მას შემდეგ რაც ქუჩაში გამომძიებელი გამოჩნდა. მარტო იყო… ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას კამელიას სახლისკენ. ადგილზე მისვლისას წამს შეყოვნდა, მუშტები შეკრა თითქოს რინგზე გასასვლელად მოემზადაო და სახლის კარებს მიადგა. რამოდენიმეჯერ ძლიერად დააბრახუნა კარზე შემდეგ “კამელია!”. ორიოდ წუთში კარი კამელიამ გააღო. სახეზე ემოციის ნატამალი არ ეტყობოდა.
- სად არის? – შეუტია გამომძიებელმა
- მე არაფერ შუაში ვარ…
- სად არის?! – უფრო მეტი სიბრაზით შეუტია გამომძიებელმა
- დედაქალაქში წავიდა. ჩემს საქმეებს მოვამთავრებ და მეც მივდივარ. – აუღელვებლად უპასუხა კამელიამ
- კანონის ძალით გაპატიმრებ კამელია… კაცი არ ვიყო შენ ამას არ შეგარჩენ!

კამელიას სასამართლო მისი დაპატიმრებიდან სამი თვის თავზე გაიმართა. ბრალმდებელის მხარეს გამომძიებელი წარმოადგენდა და დამერწმუნეთ საკმაოდ წარმატებითაც. ისთი წარმატებით, რომ კამელიას ორი წლისთ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს არასრულწლოვანი ბავშვების გარყვნისათვის და საზოგადოებისათვის მიუღებელი ცხოვრების წესით ცხოვრებისათვის.
სასამართლოს დასრულების შემდეგ გამომძიებელმა წერილი მიიღო. როგორც ფოსტალიონი ამბობდა, მისი შვილის წერილი იყო, რომელიც გამომძიებელის თქმით დედაქალაქში იყო სასწავლებლად წასული. არავინ იცის რა ეწერა წერილში… ერთი კი ყველას კარგად გვახსოვს. წერილის მიღებიდან მეორე დღეს ბადრაგმა გამომძიებელს სამჯერ ესროლა, როდესაც ციხეში კამელიას დაცვას სცდილობდა… სამი ნასროლიდან სამივე სასიკვდილო აღმოჩნდა, ხოლო გამომძიებლის მიერ დარტყმული დანა კამელიას ციხის მორგში ამოაძრეს გულიდან.
ამბობდნენ კამელიას მთელი ქუჩა დასტიროდაო, მაგრამეს ესე არ იყო ისევე როგორც ყველაფერი ის რასაც კამელიაზე დღეს ყვებიანხოლმე მოცლილი ქალები ბანქოს თამაშისას.

Leave a Comment »

No comments yet.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.